კალასი აცხადებს, რომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ყველაზე დიდ რღვევას წარმოადგენს

კაია კალასი

გაეროში გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ როგორც რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ისე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევის გამოვლინებაა.

„საერთაშორისო სამართლის რღვევა აშკარაა დღევანდელ ორ გამორჩეულ გლობალურ კრიზისში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობით ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში. ერთად აღებული, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ეს კრიზისები ძველი წესებისგან, მათ შორის გაეროს ქარტიისგან, უკან დახევის აშკარა გამოვლინებაა“, - განაცხადა კაია კალასმა.

მან რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი დარღვევა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში ომს საერთაშორისო წესრიგის იმავე „ეროზიის“ ნაწილი უწოდა.

„ახლა ახალი სამყარო ჩნდება, რომელიც ხასიათდება კონკურენციითა და იძულებითი ძალაუფლების პოლიტიკით (...), სადაც დომინირებს სამხედრო ძალების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ თავიანთი გავლენის სფეროების დამყარებას... თუმცა მრავალპოლარულობა, რომელიც არ არის შეზღუდული გაეროს ქარტიით, ან საერთაშორისო სამართლით (...), არასდროს უზრუნველყოფდა მშვიდობასა და სტაბილურობას და საბოლოოდ ის ყოველთვის იწვევს ნგრევას“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.