ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნებაზე მოულოდნელ კომენტარს აკეთებს

ჯონი დეპი

ჯონი დეპმა ღიად ისაუბრა ყველაფერზე, რაც მას ბოლო წლებში თავს გადახდა. როგორც ჩანს, ის მზადაა კარიბის ზღვის მეკობრეების მეექვსე ნაწილში ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნდეს.

თავდაპირველად დისნეი ყოყმანობდა ჯეკ ბეღურას დაბრუნებაზე, რადგან 2018 წელს ჯონი დეპს ყოფილი მეუღლე ოჯახურ ძალადობაში სდებდა ბრალს. მოგვიანებით, 2022 წელს, ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს, ცილისწამებისთვის უჩივლა და სასამართლო მოიგო.

ცილისწამების საქმის მოგების შემდეგ, 61 წლის მსახიობი თანდათან დაუბრუნდა კინო-ინდუსტრიას ფილმებით, Jeanne du Barry და Modì: Three Days on the Wing of Madness. ახლახან გახდა ცნობილი, რომ დეპი პენელოპა კრუზთან ერთად Day Drinker-ში ითამაშებს.

 2022 წლის ცილისწამების საქმეზე დეპმა მტკიცედ თქვა, რომ დისნეისთან აღარ იმუშავებდა კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ფილმზე, თუნდაც ასობით მილიონი დოლარი შეეთავაზებინათ. მსახიობის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კი თაყვანისმცემლებს იმედი მისცა, რომ ჯეკ ბეღურას დაბრუნება კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ფილმში შესაძლებელია. როგორც მსახიობმა განაცხადა, დრომ ის განკურნა და მას წყენა არ აქვს დარჩენილი, ამიტომ იმედოვნებს, რომ ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნდება.

„გულწრფელად რომ გითხრათ, შემიძლია ვიჯდე და ვიფიქრო, როგორ დამიპირისპირდა ყველა ძალადობის ბრალდებების გამო, რადგან მე ეს ყველაფერი მახსოვს, ეს ყველაფერი გადავიტანე და ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ ეს უკვე წარსულია და რაც იყო, იყო... ბევრი რამ ვისწავლე. ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება გაკვეთილია. მე არავის მიმართ არ მაქვს წყენა დარჩენილი, რადგან წყენა ტვირთია, რომლის ტარებაც სწორად არ მიმაჩნია" - განაცხადა მან The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში

ცნობისთვის, კარიბის ზღვის მეკობრეები 6-ის გადაღებები 2018 წელს დაანონსდა ოფიციალურად, მაგრამ მოგვიანებით დისნეიმ გეგმები შეცვალა. 2024 წლის მარტში პროდიუსერმა ჯერი ბრუკჰაიმერმა თავიდან დაადასტურა, რომ პროექტზე მუშაობა პროცესში იყო, თუმცა ოფიციალურად გადაღებები არ დაანონსებულა.