იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე: ვცხოვრობთ ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში, რომელიც გადაუდებელი გამოწვევებით ხასიათდება და რომელთა საპასუხოდაც საჭიროა ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული გზების მოძიება

იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე

ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში, რომელიც მრავალი გადაუდებელი გამოწვევით ხასიათდება და რომელთა საპასუხოდაც საჭიროა მაქსიმალურად ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და გზების მოძიება, – ამის შესახებ იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ლორენცო ფონტანამ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც იმყოფება.

ლორენცო ფონტანას თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრომის ბაზარს, ასევე საერთაშორისო კონფლიქტებსა და კრიზისებს, რომლებიც გლობალურ სტაბილურობასა და წესრიგს ძირს უთხრის.

„ცივი ომის პერიოდში, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ ღრმად იყო გაყოფილი, ჩვენმა წინამორბედებმა გააცნობიერეს, რომ კონტინენტის ინტეგრაცია მხოლოდ ეკონომიკური შეთანხმებით ვერ შემოიფარგლებოდა. მათი ხედვით, პარლამენტები უნდა გამხდარიყვნენ მოქალაქეთა იმედებისა და მისწრაფებების ნამდვილი ხმა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და კონკრეტული პასუხები გაეცათ მშვიდობისა და ღირსეული ცხოვრებისკენ მიმართულ ადამიანთა საჭიროებებისთვის. 50 წლის შემდეგ, იმ ეპოქის მემკვიდრეობა დღესაც უაღრესად აქტუალურია.

ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში, რომელიც მრავალი გადაუდებელი გამოწვევით ხასიათდება და რომელთა საპასუხოდაც საჭიროა მაქსიმალურად ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და გზების მოძიება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრომის ბაზარს, ასევე საერთაშორისო კონფლიქტებსა და კრიზისებს, რომლებიც გლობალურ სტაბილურობასა და წესრიგს ძირს უთხრის. ეს რთული საკითხებია, რომლებიც მოითხოვს პარლამენტების მხრიდან გადაუდებელ, მტკიცე და შეთანხმებულ მოქმედებას, რათა დაცული იყოს ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების, ცენტრალური როლი, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ამ ვითარებაში ჩვენს ინსტიტუტებს, რომელთა მეშვეობითაც ხალხის სუვერენიტეტი გამოიხატება, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სფეროებში“, – აღნიშნა ლორენცო ფონტანამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი.

✕