ისრაელში, 23 წლის ბიჭმა ბუნკერში შეგდებული ყუმბარა მოისროლა და სხვები გადაარჩინა, თავად კი ხელი დაკარგა და მძევლად ჩავარდა

23 წლის ბიჭი

23 წლის ჰერშ გოლდბერგ-პოლინი ერთ-ერთია იმ ასობით ახალგაზრდიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ისრაელის სამხრეთით გამართულ ნოვას მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა.

ღონისძიება, რომელიც ღაზის სექტორის მახლობლად, რე'იმის კიბუცში (ისრაელური დასახლების ტიპი) ტარდებოდა, 7 ოქტომბრის დილას ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ იქცა. ფესტივალის ზოგიერთმა სტუმარმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ ჰამასმა ნაწილი მძევლად აიყვანა, ნაწილი კი - დახოცა. ოფიციალური ცნობებით, ღონისძიების ტერიტორიაზე, სულ მცირე, 260 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სავარაუდოდ, გადარჩენილ მძევლებს შორისაა მუსიკალური ფესტივალებისა და მოგზაურობის მოყვარული ჰერშიც. წარმოშობით ებრაელი, მაგრამ აშშ-ში დაბადებული ახალგაზრდა მშობლებს ბოლოს შაბათ გამთენიისას დაუკავშირდა. რეიჩელ გოლდბერგის თქმით, შვილმა ერთიმეორის მიყოლებით მისწერა მესიჯები: "მიყვარხარ" და "ვწუხვარ". გოლდბერგმა მაშინვე სცადა დარეკვა, თუმცა, ჰერშს არც ზარებისა და არც მესიჯებისთვის აღარ უპასუხია. ნაშუადღევს პოლიციამ მშობლებს აცნობა, რომ ბიჭის მობილურის სიგნალი ღაზის სექტორის საზღვართან დაფიქსირდა.

ამის შემდეგ, გოლდბერგისა და მისი ქმრისთვის, ჯონათან პოლინისთვის, შვილის თავს გადამხდარი ამბავიც გახდა ცნობილი. გოგო, რომელიც თავდასხმის შემდეგ ბუნკერში ჰერშთან ერთად აღმოჩნდა, ჰყვება, რომ ბიჭი თავშესაფარში შეყრილი ყუმბარების გარეთ გატყორცნას ცდილობდა. სწორედ ამ დროს დაკარგა მან ხელი.

„ვიცით, რომ მძიმედ დაშავდა", - ამბობს გოლდბერგი, - „მაისურით სახელდახელო ტურნიკეტი დაუმზადებია. თუმცა, მერე ტერორისტები შევიდნენ და ყველას, ვისაც სიარული შეეძლო, გაყოლა აიძულეს".

თვითმხილველი გოგოს ცნობით, ფეხზე წამომდგარ ჰერშს ცნობიერება არ დაუკარგავს და მეტიც, სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ამის მიუხედავად, იგი ჰამასის მძევლებს შორის აღმოჩნდა.

ახალგაზრდის მშობლებმა შვილის შესახებ მეტი არაფერი იციან. ისინი აშშ-ის მთავრობასა და მსოფლიო ლიდერებს მძევლების დახსნისკენ მოუწოდებენ. მათ სჯერათ, რომ ჰერში ცოცხალია - ჯონათანი ინტერვიუს დროს მკაცრად უსწორებს ჟურნალისტს, როცა ეს უკანასკნელი ბიჭს წარსულში მოიხსენიებს.

 

ასევე ნახეთ:

„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით

„10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა... მე ცოცხლად მომკლეს...“ - რა სკანდალის გამო გამოუშვეს ლია კაპანაძე რუსთაველის თეატრიდან

„მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს