ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გასცა

ლიბანი ისრაელი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის მასშტაბით ევაკუაციის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ტირეს ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრებზე დარტყმებს ახორციელებენ და მთელი რეგიონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

„მოსახლეობამ მდინარე ზაჰრანის ჩრდილოეთით უნდა გადაინაცვლოს, რადგან მდინარის სამხრეთით ყველა ტერიტორია საბრძოლო ზონად ითვლება“, – აღნიშნავს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.

მედიის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია, შესაძლოა, გასცდეს იმ „უსაფრთხოების ზონას“, რომელსაც ისრაელი ამჟამად აკონტროლებს. ასევე, შესაძლოა, გასცდეს გუშინდელი შეტაკებების ხაზებს  მდინარე ლიტანის გარშემო.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელის ავიაიერიშებს დღის განმავლობაში 31 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. „სქაი ნიუსის“ ცნობით, ეს ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დღედ შეფასდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.