„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელს „ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს“, თუმცა ისრაელის თავდაცვითი ძალები „ერთი მილიმეტრითაც არ დაიხევს უკან“, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას კაცმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ლიბანის დამატებითი ტერიტორიები დატოვონ. გამონაკლისია ის ორი შეთანხმებული ადგილი, საიდანაც ისინი საპილოტე პროგრამის ფარგლებში გავლენ, რის შემდეგაც იქ კონტროლს ლიბანის არმია დაამყარებს.
„ნურავის ექნება მოლოდინი იმისა, რომ ისრაელი ლიბანის რომელიმე შემდეგ პუნქტს დატოვებს, რადგან ეს მანამ არ მოხდება, სანამ „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება. ჩვენ ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ გაგვაჩნია, მაგრამ სანამ „ჰეზბოლა“ განიარაღებული არ იქნება, მილიმეტრითაც კი არ დავიხევთ უკან“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
კაცმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, თითქოს ლიბანის არმია „უცებ ლომებად იქცევა და „ჰეზბოლას“ შეუტევს“, ამიტომ ლიბანში ისრაელის თავდაცვითი ძალების ყოფნა „ხანგრძლივი“ იქნება.
ბრიფინგზე კაცმა განაცხადა, რომ ისრაელზე ამერიკული ზეწოლა რომ არა, ისრაელის თავდაცვითი ძალები ლიბანში „ჰეზბოლას“ წელში გატეხდნენ. მისი თქმით, მათ დაგეგმილი ჰქონდათ „მასშტაბური“ საჰაერო კამპანია, რომელიც, მისი მტკიცებით, „ჰეზბოლას“ სრულად დაშლიდა.
კაცის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ერთმანეთს დაუკავშირა ირანი და ლიბანი“, ისრაელს მოუწია შეეწყვიტა „ბეირუთში შენობების დანგრევა“, თუმცა შესაძლებელი დარჩა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „ქირურგიული დარტყმების“ განხორციელება ლიბანის დედაქალაქში.