ისრაელის მთავრობამ აშშ-ს ლიბანში სახმელეთო ოპერაციების შესახებ აცნობა - მეთიუ მილერი

მეთიუ მილერი

ისრაელის მთავრობამ შეერთებულ შტატებს ლიბანში რამდენიმე ოპერაციის, მათ შორის სახმელეთო ოპერაციების შესახებ აცნობა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მათ გვაცნობეს მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას „ჰეზბოლასგან“. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, როგორც ნეთანიაჰუს მთავრობა, ასევე „ჰეზბოლა“ პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე.

„სამხედრო ზეწოლამ ზოგჯერ შეიძლება, ხელი შეუწყოს დიპლომატიას. რა თქმა უნდა, სამხედრო ზეწოლამ შეიძლება, გამოიწვიოს შეცდომები გათვლებში. მას შეიძლება, მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები. ჩვენ ახლა ისრაელთან ვსაუბრობთ ყველა ამ ფაქტორზე“, – განაცხადა მილერმა.