1728456679
ბლოგერ უჩა აბაშიძის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა - პროცესზე 3 მოწმე დაკითხეს
ბლოგერი უჩა აბაშიძის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა - ის მეუღლისგან, მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. დაკავებულს პოზიცია არ შეუცვლია. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბი-დოსკოპიური ექსპერტები და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა.
საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ის დეტალებზე ვერ საუბრობს.
"დაიკითხნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, რომლებმაც დაადასტურეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. დახურულია სხდომა, შესაბამისად შინაარსობრივ გარემოებებზე ვერ გესაუბრებით. გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა და შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ წარმოადგენს მოწმეებს,“ - აცხადებს პროკურორი ანა ხახანაშვილი.
უჩა აბაშიძის ადვოკატის განმარტებით კი, მოწმეთა დაკითხვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა.
"მე ვფიქრობ, რომ დაცვის მხარისთვის ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა დაკითხვის პროცესში. მოწმეთა ჩვენებაში გამოიკვეთა არათანმიმდევრულობა, მათ შორის პროცედურის უცოდინრობა, მათ შორის მოწმეები თავის ჩვენებაში ვერ ხსნიდნენ იმ გარემოებებს, რომლებიც მათ ჰქონდათ დადასტურებული გამოძიების ეტაპზე", - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძეს და მარიამ იაშვილს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას, ასევე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავებიან.