"ის მოკლეს, ჩვენ ვერ შევძელით მისი შველა..." - უფლებადამცველი

სალმან ტეპსურკაევი

ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეარხის, 1ADAT-ის მოდერატორი სალმან ტეპსურკაევი მკვდარია,- ამის შესახებ ორგანიზაციის, „გუნდი წამების წინააღმდეგ“, იურისტმა ოლგა სადოვსკაიამ ჟურნალისტ კატერინა გორდეევასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ზუსტად ვიცით, რომ ის მოკლეს, ჩვენ ვერ შევძელით ამ ადამიანის შველა",- განაცხადა უფლებადამცველმა.

ტელეარხ 1ADAT-ის მოდერატორის გარდაცვალება დაადასტურეს ჩეჩნეთში მოქმედი ამავე სახელწოდების მქონე ოპოზიციურ მოძრაობაში. მათი ინფორმაციით, ტეპსურკაევი გატაცების შემდეგ აწამეს და მოკლეს.

სალმან ტეპსურკაევი 2020 წლის 6 სექტემბერს გელენჯიკიდან გაიტაცეს. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ოქტომბერში დაადგინა, რომ ტეპსურკაევი „ჩეჩნური პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა სამიდან ხუთკაციანმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლის წევრებიც ჩეჩნური სარეგისტრაციო ნომრების მქონე შავი Toyota Camry-ის მარკის ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.“

სალმან ტეპსურკაევი ოპოზიციური ტელეარხის, 1ADAT-ის მოდერატორი იყო.