ირანში, ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება

ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით BBC-ი წერს.

არსებული ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. 60-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მკურნალობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.