1732216283
ირანში საპროტესტო აქციების დაშლისას 9 და 14 წლის ბავშვები მოკლეს - BBC
ირანში, ანტისამთავრობო აქციებზე, კიდევ 2 სკოლის მოსწავლე მოკლეს. ინფორმაციას BBC დაღუპულთა ოჯახებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა 9 წლის კიან პირფალაკსა და 14 წლის სეფერ მაგსუდს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გარდა ამისა, სხვა ადგილებში იმავე დღეს აქციბზე კიდევ 13 ადამიანი დაიღუპა.
სახელმწიფო მედია ამბობს, რომ 7 ადამიანი დაიღუპა შეარაღებული პირის მიერ მოტოციკლეტებზე "ტერორისტული თავდასხმის" დროს იზეჰში, მაგრამ წყაროებმა BBC Persian-ს უთხრეს, რომ უსაფრთხოების თანამშრომლებმა პირდაპირ ესროლეს ორ მოზარდს.
შეგახსენებთ, რომ ირანში 16 წლის გოგო ცემით მოკლეს მას შემდეგ, რაც უარი თქვა რეჟიმის მადიდებელი ჰიმნის სიმღერაზე. გარდა ამისა, მოკლულია 17 წლის ბიჭი, რომელიც ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ახლო მანძილიდან საფანტის იარაღის სროლით მოკლა.
ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.
ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, სულ მცირე 362 მომიტინგე, მათ შორის 56 ბავშვი, დაიღუპა და 16 000 დააკავეს უსაფრთხოების ძალებმა პროტესტის ჩახშობის მცდელობისას. დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 46 თანამშრომლიც.