ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი - ჯეი დი ვენსი

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

როგორც ვენსმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამით სხვა სახელმწიფოებს გაუჩნდებათ სურვილი, ფლობდნენ ბირთვულ იარაღს და ეს გაცილებით ნაკლებად დაიცავდა მსოფლიოს.

„ირანი მართლაც დომინოს პირველი ქვა იქნებოდა, რომელიც მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების რბოლას წამოიწყებდა“, – აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, აშშ-მა დიდ პროგრესს მიაღწია ირანელებთან მოლაპარაკებებში.

„მგონია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაწყოთ ის ურთიერთობა, რომელიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 47 წლის განმავლობაში არსებობდა. სწორედ ამის გაკეთება გვთხოვა პრეზიდენტმა და ამაზე მუშაობას განვაგრძობთ, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება. ჩვენ არ დავდებთ შეთანხმებას, რომელიც ირანელებს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალებას მისცემს. ასე რომ, როგორც პრეზიდენტმა ახლახან მითხრა, ჩვენ მზადყოფნაში ვართ. არ გვსურს, ამ გზაზე დავდგეთ, მაგრამ პრეზიდენტი მზადაა და შეუძლია ამ გზაზე დადგეს, თუ ეს საჭირო გახდა“, – აღნიშნა ვენსმა.

ვენსის თქმით, ირანი საკმაოდ რთული ქვეყანაა.

„ირანი ძალიან რთული ქვეყანაა. ზოგჯერ ირანის გუნდის მოლაპარაკების პოზიცია ბოლომდე ნათელი არ არის. ზოგჯერ რთულია იმის გარკვევა, ზუსტად რის მიღწევა სურთ ირანელებს მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის მიერ ირანული ურანის ფლობის შესახებ.

„რუსეთის მიერ გამდიდრებული ირანული ურანის ფლობა ამჟამად ჩვენს გეგმაში არ შედის. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი გეგმა. არ ვიცი, საიდან მოდის ამის შესახებ ინფორმაცია“, – აღნიშნა ვენსმა.