ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი აცხადებს, რომ ირანში „ეროვნული ამბოხის ახალი ეტაპი“ დაიწყო და დემონსტრანტებს შენობების დაკავებისკენ მოუწოდებს

რეზა ფაჰლევი

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი აცხადებს, რომ ირანში „ეროვნული ამბოხის ახალი ეტაპი“ დაიწყო და მოუწოდებს დემონტრანტებს, შენობები დაიკავონ. ამის შესახებ რეზა ფაჰლევი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, და განსაკუთრებით ბოლო ოთხ დღეში, თქვენ შეარყიეთ არალეგიტიმური ისლამური რესპუბლიკის საფუძვლები მასობრივი დემონსტრაციებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა… მე ვაცხადებ ეროვნული ამბოხის ახალ ეტაპს ისლამური რესპუბლიკის დამხობისა და ჩვენი ძვირფასი ირანის აღსადგენად“, – წერს რეზა ფაჰლავი.

მისივე თქმით, ირანის შიგნით „კანონიერი სამიზნე“ უნდა იყოს ყველა უწყება, რომელიც აიათოლას რეჟიმის პროპაგანდას ეწევა და პასუხისმგებელია ირანში კომუნიკაციების გათიშვაზე. ​ამასთან, ფაჰლავი მიმართავს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, „დადგნენ ხალხის მხარეს და შეწყვიტონ ირანელების მკვლელობა“, საზღვარგარეთ მცხოვრებ ირანელებს კი მოუწოდებს, დაიკავონ ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

„ყველა ირანული საელჩო და საკონსულო ირანელ ხალხს ეკუთვნის. დადგა დრო, ისინი ირანის ეროვნული დროშით შევამკოთ, ნაცვლად ისლამური რესპუბლიკის სამარცხვინო დროშისა“, – წერს ფაჰლავი.

მისივე თქმით, ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობების რიცხვის ზრდა აჩვენებს, რომ „რეჟიმი შეშინებულია დასასრულის მოახლოებით“.

„ირანის თავისუფლება უკვე ახლოსაა. ჩვენ მარტო არ ვართ. საერთაშორისო დახმარება მალე მოვა. დაელოდეთ ჩემს შემდეგ შეტყობინებებს“, – წერს ფაჰლავი.

რეზა ფაჰლავი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, სადაც ის ირანში მონარქიის დამხობის შემდეგ გაემგზავრა. პროფესიით მფრინავია, რომელმაც აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში მომზადება გაიარა. ის ირანში მონარქიის აღდგენას არ ითხოვს, თუმცა მხარს უჭერს რეფერენდუმის გამართვას, რომელზეც ირანელები თავად აირჩევენ ქვეყნის მმართველობის ფორმას.