იქორწინეთ ან სამსახურიდან წადით - ჩინური კომპანიის ულტიმატუმი მარტოხელა თანამშრომლებს

ქორწინება

მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით მეორე უდიდეს ქვეყანაში, ჩინეთში, შობადობის კლებამ ერთ-ერთი კომპანია იმდენად შეაშფოთა, რომ გადაწყვიტა, ამ დემოგრაფიული საკითხის გადასაჭრელად რადიკალური ზომებისთვის მიემართა.

შანდუნის პროვინციაში მდებარე ქიმიურმა საწარმომ თავის 1 200-მდე თანამშრომელს ცოტა ხნის წინ შეატყობინა, რომ 28 წლიდან 58 წლამდე ასაკის მარტოხელა თანამშრომლები, მათ შორის, განქორწინებულები, აუცილებლად უნდა დაქორწინდნენ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. კომპანია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით ემუქრებოდა ყველას, ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ჩინურ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი გლობალურად მოედო ინტერნეტსივრცეს და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია. ამბავმა ადგილობრივი ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია, მათ კი განაცხადეს, რომ კომპანიის გადაწყვეტილება ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის დარღვევაა. ამიტომ, სახელმწიფო მედიის ცნობით, ორგანიზაციას ბრძანების გაუქმება მოუწია.

თუმცა, თავად კომპანიის ცნობით, მათ მხოლოდ ის სურდათ, დაუქორწინებელი თანამშრომლებისთვის "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად და ოჯახის შესაქმნელად" ბიძგი მიეცათ.

გასულ წელს ჩინეთში ქორწინების სტატისტიკა რეკორდულად, ერთი მეხუთედით, შემცირდა. ქვეყანაში, სადაც 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის დაბერებაც მწვავე პრობლემად მიიჩნევა — უახლოეს ათწლეულში 300 მილიონამდე ჩინელი საპენსიო ასაკს გადააბიჯებს.

1980-იან წლებში მიღებული "ერთი შვილის" პოლიტიკის გამო, ჩინეთში ათწლეულებია, შობადობა მცირდება. ახლა ხელისუფლება სიტუაციის შეტრიალებას სხვადასხვა გზით ცდილობს; მაგალითად, გასულ წელს ქვეყანაში კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს მოუწოდეს, "სასიყვარულო განათლების" სწავლება დაიწყონ ქორწინებისა და ოჯახის დადებითად წარმოსაჩენად.