1740738167
ინდოეთში ქირურგებმა მოზარდს "პარაზიტი ტყუპისცალი" მოაშორეს - პაციენტს მუცლის არიდან ფეხები, დუნდულები და გენიტალიები ჰქონდა ამოზრდილი

ინდოეთში ქირურგებმა 17 წლის მოზარდს სხეულიდან ე.წ. პარაზიტი ტყუპისცალი წარმატებით მოაშორეს. პაციენტს მუცლის არიდან ფეხები, დუნდულები და გენიტალიები ჰქონდა ამოზრდილი, რომლებიც განუვითარებელ ტყუპისცალს ეკუთვნოდა.
ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მსგავსი რამ მაშინ ხდება, როდესაც ტყუპი ემბრიონებიდან ერთ-ერთი განვითარებას წყვეტს, მაგრამ მეორე, გადარჩენილ ჩანასახს ეკვრის. უკანასკნელ შემთხვევაში, პარაზიტული ტყუპისცალის სხეულის ნაწილები საერთო ჯამში დაახლოებით 15 კილოგრამს იწონიდა.
ოპერაცია ნიუ-დელიში მდებარე AIIMS-ის კლინიკაში ჩატარდა და ქირურგებმა ორსაათიანი პროცედურის შედეგად მოზარდს სხეულიდან პარაზიტული ტყუპი სრულად მოაშორეს. ექიმების თქმით, ასეთი ოპერაციები, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ტარდება, რაც ამ შემთხვევას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.
მთავარი ექიმი, ასური კრიშნა ამბობს, რომ მსოფლიოში მხოლოდ 40-50 ასეთი შემთხვევაა აღწერილი და ოპერაციები უმეტესად ჩვილობის ასაკში ტარდება. მიიჩნევა, რომ მსგავსი ფენომენი მილიონში ერთიც კი არაა (უფრო ნაკლებია), ხოლო ამის უკან მდგომი ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ ორი მთავარი ჰიპოთეზა არსებობს - ემბრიონული გახლეჩისა და შერწყმის.
პირველი ვერსიის მიხედვით, განაყოფიერებიდან 13-15 დღის შემდეგ ემბრიონის შემადგენელი უჯრედების მასა მხოლოდ ნაწილობრივ იყოფა, ამიტომ ჩანასახების ქსოვილები ურთიერთშეკავშირებული რჩება. მეორე მოსაზრების თანახმად, თავდაპირველად ორი დამოუკიდებელი ემბრიონი არსებობს, მაგრამ განვითარების შედარებით გვიანდელ ეტაპზე ისინი ერთმანეთს ერწყმის. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი ჩანასახი ზრდას წყვეტს და ტყუპისცალის სხეულის პარაზიტულ დანამატად იქცევა.
პარაზიტული ტყუპისცალი სიცოცხლის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ მას გადარჩენილი ემბრიონის სისხლი მიეწოდება. ამის გამო წარმატებით ჩამოყალიბებულ ტყუპისცალს შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ოპერაცია.
ექიმებმა დაადგინეს, რომ პარაზიტული ტყუპი მოზარდის მკერდის ძვალზე იყო მიმაგრებული და სისხლს გულმკერდის ვენიდან იღებდა. პროცედურის დროს პაციენტის არტერიული წნევა მკვეთრად დაეცა, რადგან მისი სისხლის თითქმის 40% პარაზიტულ ტყუპს მიეწოდებოდა. ამის მიუხედავად, ქირურგებმა წნევის სტაბილიზება მოახერხეს და ოთხი დღის შემდეგ მოზარდი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს.
აქამდე მისთვის გადაადგილება და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ახლა 17 წლის მოზარდის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და სურს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, ისწავლოს და მომავალში სამსახურის იპოვოს.