ინდოეთში ახლანდელი ეპიდემიის ფარგლებში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთი

ინდოეთში, კერალას შტატში, მაიმუნის ყვავილის ვირუსის (Mpox) ახალი ვარიანტით, 1b კლადით დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

15 აგვისტოს მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით გამოცხადებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა ვირუსის სწორედ ამ ვარიანტს, 1b კლადს ეხება. ამჟამინდელი მონაცემებით, ის აქამდე გავრცელებულ ვარიანტებთან  შედარებით უფრო მომაკვდინებელია და, სავარაუდოდ, უფრო სწრაფადადაც ვრცელდება.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მანიშა ვერმამ გამოცემა Reuters-ს დაუდასტურა, რომ პაციენტი ვირუსის 1b კლადით არის დაავადებული.

პაციენტი 38 წლის კაცია, რომელიც ინდოეთში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მიფრინავდა. გამოცემას ექიმებმა უთხრეს, რომ მას ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ, მისი ნათესავებსა და ახლობლებს კი აკვირდებიან, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანი მაიმუნის ყვავილის ნიშნებს არ ავლენს.

აქამდე, 2022 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ინდოეთში მაიმუნის ყვავილის ნაკლებად სახიფათო მე-2 კლადის 30-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების ტესტირებისთვის დაახლოებით 35 საავადმყოფო არის გამოყოფილი.