1791143556
იემენმა ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხდა, რომლის მიზანიც ქვეყნის მთელი ტერიტორიის მთავრობის კონტროლქვეშ დაბრუნებაა
იემენის პრეზიდენტმა რაშად ალ-ალიმიმ ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ალ-ალიმის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის კონტროლქვეშ იემენის მთელი ტერიტორიის დაბრუნებაა.
რამდენიმე დღის წინ იემენში მობილიზაცია გამოცხადდა.
Reuters-ის წყაროები იუწყებოდნენ, რომ იემენის ხელისუფლება ჰუსიტების პოზიციებზე შეტევას საუდის არაბეთის მხარდაჭერით წარმართავს - საუდის არაბეთი ჰაერში მხარდაჭერას უზრუნველყოფს, იემენელი სამხედროები კი ხმელეთზე კონტროლს დაამყარებენ.
ჰუსიტები იემენის დედაქალაქ სანასა და ქვეყნის დასავლეთით მდებარე მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებენ. 2015 წლიდან საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ ჰუსიტების წინააღმდეგ ინტერვენცია დაიწყო, თუმცა ეს კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა. 2022 წლიდან აქტიური საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად არ წარმოებდა.
ბოლო კვირებში ჰუსიტებმა აქტიურობა საგრძნობლად გაზარდეს და წითელი ზღვის მთელი იემენური სანაპირო თავიანთ კონტროლქვეშ მოაქციეს. ამან საფრთხე შეუქმნა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი საკვანძო მარშრუტის ფუნქციონირებას, რაც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.












