„ჰამასთან“ დადებული ზავის გამო ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა

ისრაელი

„ჰამასთან“ დაზავების გამო ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ გადადგომის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა.

ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველა იდეოლოგიური წითელი ხაზის გადაკვეთაში დაადანაშაულა. მინისტრმა „ჰამასთან“ გარიგება „ტერორიზმის სრულ გამარჯვებად“ შეაფასა. ასევე გადადგნენ ბენ-გვირის თანაპარტიელები – მემკვიდრეობის მინისტრი ამიხაი ელიაჰუ და ნეგევის, გალილეისა და ეროვნული მდგრადობის საკითხთა მინისტრი იცხაკ ვასერლაუფი.

პარტია „ოცმა იეჰუდიტმა“ კი მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან, დაბრუნდნენ კოალიციაში, თუ სამხედრო მოქმედებები „ჰამასის“ წინააღმდეგ განახლდება და გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე. ამ პარტიის კოალიციიდან გასვლა არ გამოიწვევს კრიზისს მთავრობაში და ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ასეთი ალბათობა რჩება, რადგან კოალიციიდან გასვლით სმოტრიჩიც იმუქრება.

„ჰამასთან“ შეთანხმებას აკრიტიკებდა მთავრობის კიდევ ერთი წევრი – ფინანსთა მინისტრი და პარტია „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერი ბეცალელ სმოტრიჩი.