„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
ახალი კვლევის მიხედვით, ავსტრალიაში მაღალი ტემპერატურა ცხოვრების წესსა და სამუშაო პირობებზე უკვე უარყოფითად მოქმედებს. ეს მენტალური და ქცევითი აშლილობების (MBDs) რისკს ზრდის.
MBDs სხვადასხვა გართულებას მოიცავს, მათ შორის — შიზოფრენიას, შფოთვით, დეპრესიულ, ბიპოლარულ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების აშლილობებს, ასევე სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულებას.
ბოლოდროინდელი პროგნოზების მიხედვით, თუ გლობალური დათბობა 2100 წლამდე 3 გრადუს ცელსიუსს არ გადააჭარბებს, 2030-იან წლებში მენტალური და ქცევითი აშლილობები 11%-ით მოიმატებს. ეს მაჩვენებელი 2050-იანი წლებისთვის 27.5%-მდე გაიზრდება. თუ გლობალური დათბობის შესამცირებლად სერიოზულ ზომებს არ მიიღებენ, რისკი 49%-ით გაიზრდება.
"დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილების დამაზიანებელი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ხდება ცხადი. ეს მდგომარეობა გაუარესდება, თუ არ ვიმოქმედებთ", — ამბობსკვლევის წამყვანი ავტორი პენგ ბი, ადელაიდას უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის მკვლევარი — "უმნიშვნელო სტრესიდან დაწყებული, ისეთ სერიოზულ მდგომარეობებამდე, როგორიცაა შიზოფრენია, ტემპერატურის მატება მილიონობით ადამიანის უქმნის პრობლემას. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ ახალგაზრდა ადამიანები არიან. ისინი ამ ტიპის პრობლემებს ხშირად ცხოვრების ადრეულ ეტაპზე აწყდებიან. კლიმატის კრიზისის გაუარესება მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს".
ახალი შეფასებები, რომლებიც ბიმ და მისმა კოლეგებმა გააკეთეს, ავსტრალიის ყველა შტატის ჯანმრთელობის 2003 წლიდან 2018 წლამდე მონაცემებს ეფუძნება. ისინი აჩვენებს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარების შემთხვევები იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცხის ტალღები ლეტალური MBDs-ით დაავადებულთათვის იშვიათად იყო.
მაგალითად, 2008 წელს ადელაიდაში 15-დღიანი სიცხის ტალღა ბავშვებში MBD-ით ჰოსპიტალიზაციის 64-პროცენტიან ზრდასთან და 75 წელზე უფროსი ასაკის პირებში ჰოსპიტალიზაციის 10-პროცენტიან მატებასთან იყო დაკავშირებული. მეცნიერებს ჯერ კიდევ ზუსტად არ ესმით, ექსტრემალური სიცხე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე როგორ ზემოქმედებს. შესაძლებელია, რომ სხეულის ტემპერატურის ცვლილებები გავლენას ახდენდეს იმაზე, რამდენი ჟანგბადი მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას. მაღალი ტემპერატურა ასევე შესაძლოა, ძილის რეჟიმს არღვევდეს. ეს ფაქტორები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია.
ვარაუდობენ, რომ ავსტრალიელთა თითქმის 44 პროცენტი ფსიქიკურ ან ქცევით აშლილობას ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განიცდის. ეს დაახლოებით 8.6 მილიონ ადამიანს უდრის. მიუხედავად იმისა, რომ წლიური რისკი იმისა, რომ ვინმე ფსიქიკური პრობლემების გამო სიცხის დროს საავადმყოფოში მოხვდეს, ამჟამად ძალიან დაბალია, ეს მაჩვენებელი 25 წელიწადში გაორმაგდება, თუ კლიმატის მატება ამ ტემპით გაგრძელდება.
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ადამიანები, შესაძლოა, სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ, ვიდრე მოხუცები. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ ახალგაზრდებს ფიზიოლოგიურად უკეთ შეუძლიათ სიცხის ატანა, რის გამოც ისინი შესაძლოა, ნაკლებად ფრთხილად მოეკიდონ მას. ამ ასაკობრივ ჯგუფს ასევე ცხელ პირობებში გარეთ მუშაობა უფრო ხშირად უწევს.
"იმის გათვალისწინებით, რომ MBDs ახალგაზრდა თაობაში ხშირად ადრე ვლინდება, აუცილებელია, რომ ამ ჯგუფში მენტალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიექცეს", — წერენ ანალიზის ავტორები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მკვლევრის, ჯინგვენ ლიუს ხელმძღვანელობით — "ამისათვის საჭირო ღრმა ცოდნაა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მაღალი ტემპერატურა ზემოქმედებდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა გლობალური დათბობა გრძელდება და ჩქარდება".
კვლევა გამოქვეყნდა გამოცემაში Nature Climate Change.