ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმის შედეგად ხუთი ჟურნალისტი გარდაიცვალა

პრესა

ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმის შედეგად ხუთი პალესტინელი ჟურნალისტი გარდაიცვალა, - იუწყება CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) იერიში მიიტანა ავტომობილზე, რომელიც პალესტინის ტელეარხს „ალ-ქუდს“ ეკუთვნოდა. შედეგად ხუთი ჟურნალისტი გარდაიცვალა.

პალესტინის ტელეარხის ავტომობილი საავადმყოფო ალ-აუდის კარიბჭესთან იყო გაჩერებული ნუსეირატის ბანაკში, რომელიც ღაზის სექტორის ცენტრში მდებარეობს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვი 45 028 ადამიანს შეადგენს, დაჭრილების კი - 106 962.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როდესაც პალესტინის რადიკალურმა მოძრაობამ „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე მასირებული თავდასხმა მოაწყო და ასეულობით ებრაელი მძევლად აიყვანა და გაიტაცა. იმავე დღეს ისრაელმა საპასუხო დარტყმები განახორციელა.