1692302192
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მხარი დაუჭირა „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციური შეთანხმების შესახებ 144-გვერდიან დოკუმენტს, რითაც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერ ფრიდრიხ მერცს კანცლერობისკენ გზა ეხსნება. პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს 6 მაისს უყრის.
144-გვერდიანი კოალიციური შეთანხმების მიხედვით, პარტიები შეთანხმდნენ საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადების შემცირებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე.
დოკუმენტში კოალიციური პარტნიორები დიდ ყურადღებას უთმობენ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას.
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობა დიდწილად დაასრულებს არალეგალურ მიგრაციას. ახალი კოალიცია სასაზღვრო კონტროლისა და რეპატრიაციის წესების გამკაცრებას გეგმავს. გაფართოვდება გერმანიის მიერ დეპორტაციისთვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებული სახელმწიფოების სია.
ამასთან, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო, პარტიების კოალიციურ შეთანხმებაში შესულია კიევის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მხარდაჭერის პუნქტი.
პარტიები ასევე შეთანხმდნენ სამინისტროების განაწილებაზე. „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ შვიდ სამინისტროს ჩაიბარებს, მათ შორის ფინანსთა და თავდაცვის უწყებებს. ექვს სამინისტროს უხელმძღვანელებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“.
პირველად, 60 წლის განმავლობაში, გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მართვას ჩაიბარებს. მისი პარტნიორი „ქრისტიან-სოციალური კავშირი“ სამ პორტფელს მიიღებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.