გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოება დაამტკიცა

გერმ

დივერსიისა და ჯაშუშობის მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება, რომელიც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და ფედერალური სადაზვერვო სამსახური, რომელიც საგარეო დაზვერვას ახორციელებს, უფრო ფართო უფლებამოსილებებს მიიღებენ, – ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

რეფორმის თანახმად, ეს უწყებები აღარ შემოიფარგლებიან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით და მიეცემათ აქტიური ჩარევის შესაძლებლობაც.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებას მიენიჭება უფლებამოსილება, შეაღწიოს საფრთხის შემცველი პირებისა და ჯგუფების კომპიუტერულ სისტემებში, მწყობრიდან გამოიყვანოს ისინი და განახორციელოს კიბერკონტრშეტევები. ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს კი შიდა საფრთხეებისგან თავდაცვის ამოცანა დაეკისრება, მათ შორის მოწინააღმდეგის შესაძლებლობების დასუატების მიზნით.

რეფორმას პოლიტიკური ძალების ნაწილი აქტიურად აკრიტიკებს. „მწვანეები“ აცხადებენ, რომ უფრო ძლიერი სადაზვერვო სამსახურების სათანადო კონტროლი შეუძლებელი იქნება. მათი აზრით, საფრთხე შეექმნება ასევე სადაზვერვო სამსახურებსა და პოლიციას შორის მკაცრი გამიჯვნის პრინციპს.

თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ ასევე მკაცრად გააკრიტიკა რეფორმა. პარტიის ლიდერმა, ვოლფგანგ კუბიცკიმ ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი „ისტორიული ტაბუს“ დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სადაზვერვო სამსახურებისა და პოლიციის მკაცრ გამიჯვნას ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული საფუძვლები აქვს.

„არ მინდა, გერმანიაში საიდუმლო პოლიცია არსებობდეს. მინდა, რომ ფუნდამენტური უფლებების ნებისმიერი დარღვევა სრულად ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს და არსებობდეს სახელმწიფო, რომელსაც ესმის, რომ თავისუფლებას მისი შეზღუდვით ვერ დაიცავ“, – განაცხადა კუბიცკიმ.

ცნობისთვის გერმანიაში სამართალდამცველი და სადაზვერვო ფუნქციების გამიჯვნის პრინციპი ნაციონალ-სოციალიზმის გამოცდილებიდან გამოტანილ ერთ-ერთ მთავარ გაკვეთილად მიიჩნევა. იმ პერიოდში ე.წ. სახელმწიფო საიდუმლო პოლიცია – გესტაპო, ფართო უფლებამოსილებებით, სასტიკად მოქმედებდა ნაცისტების პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, ასევე ებრაელებისა და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ.

სადაზვერვო სამსახურების უფლებამოსილების გაფართოება „მემარცხენეებმაც“ გააკრიტიკეს. პარტიის შიდა პოლიტიკის ექსპერტმა, კლარა ბიუნგერმა განაცხადა, რომ რეფორმა აუქმებს „პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურების გამიჯვნის პრინციპს“.

თავის მხრივ, მმართველ კოალიციაში ამბობენ, რომ მწვავე საფრთხეებთან, მათ შორის დეზინფორმაციულ კამპანიებთან, ჰაკერული თავდასხმებთან და დივერსიებთან გასამკლავებლად სადაზვერვო სამსახურებს სწრაფად და დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.