"განადგურდება პაპის ბეჭედი..." - რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ და როგორ აირჩევენ ახალს

რომის პაპი

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ.

კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. პონტიფის პოზიციაზე კონკლავმა ის 2013 წელს აირჩია პაპი ბენედიქტე მე-16-ეს ისტორიული გადადგომის შემდეგ. ფრანცისკე, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, რომის 266-ე და პირველი ლათინოამერიკელი (არგენტინელი) პაპი იყო.

რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ

ტრადიციის მიხედვით, პაპის ბეჭედი, რომელსაც ის ოფიციალური დოკუმენტების დასალუქად იყენებდა ნადგურდება, რაც მისი მმართველობის დასასრულის ნიშანია. 

პაპის სიკვდილს 9-დღიანი გლოვა მოსდევს, რომელსაც ნოვენდიალეს უწოდებენ. ეს ტრადიცია ანტიკური რომის პერიოდში ჩაისახა. ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს იტალიაც.

ფრანცისკეს წესს აუგებენ, მის ცხედარს პაპის ტანსაცმლით შემოსავენ და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მოათავსებენ, სადაც მისი მონახულება და პატივის უკანასკნელად მიგება ასიათასობით მორწმუნეს შეეძლება.

 წარსულში პაპის ცხედარს შემაღლებულ პლატფორმაზე ათავსებდნენ, თუმცა ფრანცისკემ საკუთარი პანაშვიდის ცერემონიის პომპეზურობის გარეშე ჩატარება მოითხოვა, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ მას ჩვეულებრივ, ღია კუბოში მოათავსებენ.

იქამდე, სანამ პაპი ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იქნება დასვენებული, ამ ტაძარსა და დანარჩენ კათოლიკურ სამყაროში ყოველდღიურად აღსრულდება წირვა-ლოცვის ცერემონია. ვატიკანში ამასობაში sede vacante, ანუ "თავისუფალი სკამის", გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ეკლესიის მართვა კარდინალთა კოლეგიას დაევალება. ახალი პაპის არჩევამდე კოლეგიას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება.

 პაპის დაკრძალვის პროცესია, დიდი ალბათობით, მისი სიკვდილიდან 4-6 დღის განმავლობაში შედგება წმინდა პეტრეს მოედანზე.

 ტრადიციულად, პაპი ვატიკანის აკლდამებში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ქვეშ იკრძალება. თუმცა, პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამუდამო განსასვენებლად რომში მდებარე წმინდა მარიამის ბაზილიკა შეარჩია, მისი საყვარელი ტაძარი, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობდა. თუ ვატიკანი ფრანცისკეს სურვილს პატივს სცემს, ის ამ საუკუნეში პირველი პაპი იქნება, რომელიც ვატიკანის გარეთ დაიკრძალება.

 წარსულში პაპებს სამ კუბოში კრძალავდნენ: ერთი კვიპაროსისგან, ერთი თუთიისგან, ერთი კი თელის ხისგან იყო დამზადებული. კუბოები ერთმანეთში თავსდებოდა. თუმცა, ფრანცისკემ ამ ტრადიციის შეცვლაც მოისურვა და ხისა და თუთიისგან დამზადებულ კუბოში განსვენება მოითხოვა.

 ახალი პაპის არჩევნები

 პაპის დაკრძალვიდან 2-3 კვირის გასვლის შემდეგ, კარდინალთა საბჭო სიქსტის კაპელაში იკრიბება და კონკლავს, ახალი პაპის არჩევის ზესაიდუმლო პროცესს იწყებს. თეორიულად, პაპობის უფლება ნებისმიერ კათოლიკურად მონათლულ კაცს აქვს, თუმცა უკანასკნელი 700 წლის განმავლობაში პაპებს ყოველთვის კარდინალთა საბჭოს წევრებიდან ირჩევენ.

 ხმის მიცემის დღეს სიქსტის კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ. პაპის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 80 წელს მიუღწეველ კარდინალებს შეუძლიათ. ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ არჩევნებში დაახლოებით 120 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.

თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა.

 "ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტის კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.

 

მომზადებულია  Politico-ს მიხედვით