ფრიდრიხ მერცი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციების 11 აპრილამდე მოხსნის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციების 11 აპრილამდე მოხსნის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს. მისი თქმით, მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

„სამწუხაროა, რომ რუსეთი კვლავ არ ავლენს მოლაპარაკებების სურვილს. ამიტომ ჩვენ მოსკოვზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. მინდა, ნათელი იყოს: ახლა სანქციების შემსუბუქება რაიმე მიზეზით, ჩვენი აზრით, არასწორია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ირანში ომი არ შეგვაშინებს და ყურადღებას არ გადაგვატანინებს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, მას აინტერესებს, რა ფაქტორებიდან გამომდინარე მიიღო ვაშინგტონმა სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება?

„ამჟამად პრობლემა ფასებთან დაკავშირებით არსებობს და არა – მიწოდებასთან. ამ მხრივ მაინტერესებს, კიდევ რა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო?“ – განაცხადა მერცმა.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. როგორც სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განმარტა, აშშ-მა ქვეყნებს მისცა უფლება, შეიძინონ გემებზე უკვე დატვირთული სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.