ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს

ალექსუს გრინკევიჩი

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ევროპიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ამის შესახებ ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გენერლის განმარტებით, აღნიშნული სამხედროების დიდი ნაწილი „ჯავშანტექნიკის ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის“ წევრები არიან, რომლებიც აშშ-ში ბრუნდებიან. გარდა ამისა, ვაშინგტონმა უკვე გააუქმა საარტილერიო ბატალიონის მანამდე დაგეგმილი როტაცია ევროპაში.

„პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შესაბამისად, ევროპას საერთო ჯამში 5 000 სამხედრო დატოვებს. დამატებით იგეგმება კიდევ რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გადაადგილება, რაზეც დეტალური დაგეგმვა ამჟამადაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა გრინკევიჩმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ამერიკული კონტინგენტის შემცირება რეგიონის უსაფრთხოებაზე, გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული ბრიგადა ევროპაში ჩამოვიდა, ალიანსში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და მოკავშირეებმა საკუთარი თავდაცვისუნარიანობა გააძლიერეს.

„2022 წლის შემდეგ ალიანსში ბევრი რამ შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, ბალტიისპირელმა მოკავშირეებმა, პოლონელებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდეს და გააძლიერეს საკუთარი სახმელეთო საბრძოლო სიმძლავრეები“, - განაცხადა ნატოს უმაღლესმა სარდალმა.