ევროკომისიამ უკრაინას დამატებით 4 მილიარდი ევრო გამოუყო

უკრაინა ევროკომისია

ევროკომისიამ უკრაინას დამატებით ოთხი მილიარდი ევრო გამოუყო. თანხები გადანაწილებული იქნება გრანტებისა და სესხების სახით Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროკომისია დათანხმდა ოთხი მილიარდი ევროს გადარიცხვას Ukraine Facility-ს ფარგლებში. რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის 1000-ე დღე ახლოვდება და ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერას, ვიდრე ის თავისი არსებობისთვის იბრძვის. ჩვენ აქ ვიქნებით დიდი ხნით“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, გამოყოფილი თანხის გადარიცხვა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკვე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს დახმარების ახალი ტრანშისთვის.

თავდაპირველად ტრანშები უკრაინამ პირობების გარეშე მიიღო, ხოლო შემდეგი ტრანშების მიღებისთვის აუცილებელი პირობა რეფორმების გარკვეული გეგმის შესრულება გახდა სხვადასხვა სფეროში.