ევროკავშირმა საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის პირობებში ქცევის რეკომენდაციები გამოსცა

ევროკავშირმა საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის პირობებში ქცევის რეკომენდაციები გამოსცა

ევროკავშირში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა მოაგროვონ საკვებისა და აუცილებელი ნივთების სასწრაფო მარაგი ომის დაწყების ან სხვა სერიოზული საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. შესაბამისი რეკომენდაცია მოცემულია ევროპის სამოქალაქო და სამხედრო მზადყოფნის შესახებ ანგარიშში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის მრჩეველმა, ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ მოამზადა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ იყო მომზადებული არც „კოვიდ-19“-ის პანდემიისთვის, არც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის და ევროკავშირი უნდა გადავიდეს „რეაქციიდან პროაქტიულ მზადყოფნაზე“.

როგორც ამ სტრატეგიის ნაწილი, ევროკავშირმა უნდა ურჩიოს მოქალაქეებს, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, იყვნენ თვითკმარი, სულ მცირე, 72 საათის განმავლობაში.

ანგარიშში რჩევაა წევრი სახელმწიფოების მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, თავის მოქალაქეებს მიაწოდონ სახელმძღვანელო მითითებები მარაგის შეგროვების, ევაკუაციისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებზე წვდომის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის მოხსენიებული რუსული აგრესია, როგორც ერთადერთი შესაძლო საფრთხე, იგი მოხსენიებულია, როგორც მთავარი საფრთხე.

„ჩვენ არ გვაქვს მკაფიო გეგმა, რას გააკეთებს ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში. ომის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის ევროპული უსაფრთხოების ძალებს, გვაიძულებს, მივიჩნიოთ იგი ჩვენი მზადყოფნის ცენტრალურ ელემენტად სხვა სერიოზული საფრთხეებისთვის მომზადების ძალისხმევის შეფერხების გარეშე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხეს ყველაზე მეტად მისი უშუალო მეზობლები გრძნობენ, რუსეთის ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენას მოახდენს ბლოკის ყველა, 27 ქვეყანაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეების გაძლიერება უნდა იყოს ყოვლისმომცველი მზადყოფნის სტრატეგიის „ბირთვი“ და ბლოკმა უნდა აამაღლოს ცნობიერება, წაახალისოს თვითდაჯერებულობა თავის მოსახლეობაში.

ანგარიში წევრ ქვეყნებს სთავაზობს სხვა ზომებს ევროკავშირის მასშტაბით, რათა ბლოკის მთლიანი ბიუჯეტის, სულ მცირე, 20 პროცენტი გამოიყოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და კრიზისის დროს მზადყოფნისთვის. მოხსენება წევრებს ასევე სთავაზობს ევროკავშირის ქვეყნებს შორის სადაზვერვო მონაცემების უფრო დიდი გაზიარების გეგმას.