საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1782319931
ევროკავშირის ომბუდსმენი ტერეზა ანჟინიო, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბერლინერ ცაიტუნგი“ ავრცელებს.
„ბერლინერ ცაიტუნგის“ თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კვლავ გამოძიების ქვეშ მოექცა, რადგან ამჯერად, ყურადღების ცენტრშია საიდუმლო ჯგუფური ჩატი, რომელშიც მონაწილეობენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰოლანდიური ორგანიზაცია Follow the Money-ს მოთხოვნით ევროკომისიამ ჯგუფური ჩატის მონაცემების გამოქვეყნებაზე უარი თქვა.
მიმდინარე წლის დასაწყისში „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფონ დერ ლაიენი, ევროპელი ლიდერები და ზელენსკი ჯგუფურ ჩატში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებს განიხილავდნენ. გამოცემის ცნობით, ამ არაფორმალურ, მაგრამ აქტიურ ჩატს „ვაშინგტონის ჯგუფი“ ეწოდა. ჩატი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2025 წლის აგვისტოში ევროკავშირის რამდენიმე ლიდერი, ზელენსკისთან ერთად, თეთრ სახლს ეწვია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფონ დერ ლაიენის ციფრული კომუნიკაციები გამოძიების საფუძველი გახდა.
2025 წლის მაისში ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ე.წ. ფაიზერგეითის საქმეში, რომლის თანახმად, კომისიამ უკანონოდ თქვა უარი ფონ დერ ლეიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას შორის ტექსტურ შეტყობინებებზე წვდომაზე.