ქუვეითში აშშ-ის საელჩომ ფუნქციონირება განაახლა

აშშ-ის საელჩო ქუვეითში

ქუვეითში აშშ-ის საელჩომ ფუნქციონირება განაახლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ქუვეითში მდებარე საელჩო დაუყოვნებლივ განაახლებს საგანგებო მომსახურებას ამერიკის მოქალაქეებისთვის, ხოლო სხვა მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდება.

მედიის ცნობით, საელჩო ხელახლა ქუვეითში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტის დროს გახსნეს, სადაც მან დროშა აღმართა.

„ამერიკის დროშა: თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, ახლა კვლავ ამაყად ფრიალებს ქუვეითის თავზე. ქუვეითი რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეუცვლელი პარტნიორია. ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას თანამშრომლობის ყველა სფეროში“, – დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქუვეითში აშშ-ის საელჩო მას შემდეგ დაიხურა, რაც აშშ-სა და ირანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო და თეირანმა რეგიონში აშშ-ის ბაზებზე მიიტანა იერიშები.