Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

ჯონ რეტკლიფი

თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.

რუსეთის დედაქალაქში მისმა მოულოდნელმა ვიზიტმა მრავალი კითხვა და ვარაუდი გააჩინა: რა სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვიტა ვაშინგტონმა მოსკოვში პირდაპირი გზავნილის ჩასატანად მთავარი ჯაშუშის მივლინება და აქვთ თუ არა შეშფოთების საფუძველი ბალტიისპირეთის ქვეყნებს.

ამერიკული მედიის ცნობით, რატკლიფმა მოსკოვი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნატოს წევრ ქვეყნებზე - განსაკუთრებით ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე - თავდასხმისგან. ეს ნაბიჯი ეფუძნება სადაზვერვო მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, უკრაინაში შექმნილი ჩიხური სიტუაციის ფონზე, რუსეთმა შესაძლოა ალიანსის გამოცდა სცადოს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) განცხადებით, ვიზიტის გარემოებები მიანიშნებს, რომ ვაშინგტონმა სადაზვერვო ინფორმაცია საკმარისად გადაუდებლად და სენსიტიურად მიიჩნია იმისთვის, რათა მოსკოვში პირადად რეტკლიფის გამგზავრება გამართლებული ყოფილიყო.

„ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში მიანიშნებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ახლო მომავალში ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული აქტი დაგეგმოს, რათა ალიანსის მე-5 მუხლი გააუფასუროს“, - აცხადებს ISW-ი.

თუმცა, ორგანიზაცია მნიშვნელოვან განსხვავებაზეც ამახვილებს ყურადღებას: ბალტიისპირეთის საზღვრებთან არ შეინიშნება რუსული ჯარების იმ მასშტაბის თავმოყრა, როგორიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე ფიქსირდებოდა.

ამის სანაცვლოდ, ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის უახლოესი ქმედებები, შესაძლოა, ბევრად შეზღუდული მასშტაბის იყოს: საჰაერო, სარაკეტო ან დრონებით შეტევა, ან მცირე სახმელეთო შეჭრა, რომლის მიზანიც არა დიდი ტერიტორიების დაკავება, არამედ იმის შემოწმება იქნება, უპასუხებენ თუ არა ნატოს მოკავშირეები ერთობლივად მე-5 მუხლის ფარგლებში.

ევროპულმა სამხედრო წყარომ Euronews-ს განუცხადა, რომ დაზვერვის სამსახურები უკვე თვეებია იღებენ სიგნალებს, რომელთა თანახმადაც მოსკოვმა, შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპელი მოკავშირეებისადმი შეცვლილი მიდგომით ისარგებლოს და რეგიონში მორიგი იერიში წამოიწყოს - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ევროპას საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, თითქოს რუსეთს მოქმედების საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. თუმცა, მისი თქმით, მთავარი შეშფოთების საგანი ის არის, რომ სხვა საკითხებით დაკავებულმა ვაშინგტონმა და ევროპისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესმა შესაძლოა მოსკოვს მოქმედების ხელსაყრელი შესაძლებლობა მისცეს.

ამ პერსპექტივიდან, რეტკლიფის ვიზიტის მთავარი ამოცანა, სავარაუდოდ, კრემლისთვის იმის დემონსტრირება იყო, თუ რა მოჰყვება ალიანსის გამოცდას. ვაშინგტონს სურდა გაეფანტა ნებისმიერი ეჭვი იმ ფონზე, როდესაც ამერიკის ყურადღება სხვა კრიზისებზეა გადატანილი, ხოლო ევროპის უსაფრთხოებაში მისი როლი გარდამავალ ფაზაშია.