შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1787937155
ნეპალში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის ფონზე, გადარჩენილთა შორის 21 წლის სუჯალ თაპა ჩეტრის ისტორიამ განსაკუთრებით შეძრა საზოგადოება - ბიჭს სტიქიის დროს ეძინა, თუმცა რამდენიმე წუთში საკუთარი თავი მძვინვარე მდინარის შუაგულში აღმოაჩინა.
სუჯალი ჩვეულებრივად დაბრუნდა სახლში მას შემდეგ, რაც ღამის ცვლა დაასრულა. ის გვირაბში მუშაობდა და სამუშაო დაახლოებით ღამის 2 საათზე დაასრულა. სახლში მისულმა დაიძინა.
დილის დაახლოებით 6 საათზე მას ცოტა ხნით გაეღვიძა, თუმცა კვლავ ჩაეძინა.
სწორედ ამ დროს დაიწყო კოშმარი.
სუჯალი მდინარის ძლიერმა ნაკადმა სახლიდან გაიტაცა. როცა თვალები გაახილა, თავდაპირველად ეგონა, რომ სიზმარში იყო.
„მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი, თითქოს მდინარემ წამიღო. მაგრამ როცა თვალები გავახილე, მივხვდი, რომ ნამდვილად მდინარის შუაგულში ვიყავი“, - იხსენებს ის საავადმყოფოს საწოლიდან.
წყალი მას ერთი მხრიდან მეორეზე ისროდა. რამდენჯერმე დინებამ მთლიანად ჩაითრია, შემდეგ კი ზედაპირზე ამოაგდო.
სუჯალს ეგონა, რომ ვეღარ გადარჩებოდა.
ბოლო ძალებით მან მინდვრის კიდეს ჩაავლო ხელი. საბოლოოდ, მოახერხა თავის დაღწევა და უსაფრთხო ადგილამდე მიაღწია.
სუჯალმა არ იცის, დაკარგა თუ არა გონება. გონს რომ მოვიდა, უკვე სხვა ადგილას იმყოფებოდა - მაშველებს ის მაღლობზე, მისი ცოლის ძმის სახლში გადაეყვანათ.
სუჯალმა თავის არეში დაზიანება და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჭრილობები მიიღო. ერთი ხელის მოძრაობა უჭირს. წყალდიდობის დროს ქვიშამ ყურებში და სხეულშიც შეეღწია.
როგორც თავად ამბობს, მოგვიანებით ღებინების დროსაც კი პირიდან და კუჭიდან ქვიშა ამოვიდა.
ამჟამად 21 წლის ბიჭი საავადმყოფოში მკურნალობს.
სუჯალი გადარჩა, თუმცა დედას, ორ ძმას, ბებიასა და ბიძას ამ დრომდე ეძებს.
„ამბობენ, რომ ბებია, ჩემი ორი ძმა, უფროსი ბიძა და დედა წყალმა წაიღო... მე კი ძლივს გადავრჩი“, - ამბობს ის.
სტიქიამ მისი სახლიც მთლიანად გაანადგურა.
სუჯალს მობილური ტელეფონიც აღარ აქვს. არც საკუთარი ტანსაცმელი და არც ახლობლების ტელეფონის ნომრები, რომ მათთან დაკავშირება შეძლოს.
მისი გადარჩენის შესახებ მეგობრებმა საავადმყოფოს მიერ გამოქვეყნებული გადარჩენილთა სიიდან გაიგეს და ახლა მის მოსანახულებლად მიდიან.
ბიჭი ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო - სახლის აშენება მდინარის პირას არ შეიძლება, თუნდაც მდინარე პატარა იყოს ან იმ მომენტში საერთოდ გამშრალი ჩანდეს.
ის თავადაც ვერ ხსნის, როგორ გადაურჩა სიკვდილს.