1766995603
ესტონეთში 2025 წელს კაია კალასის „რეფორმის“ და მარგუს ცახკნას „ესტი 200“ პარტიებიდან ყველაზე მეტი წევრი გავიდა
ესტონეთში 2025 წელს კაია კალასის „რეფორმის“ და მარგუს ცახკნას „ესტი 200“ პარტიებიდან ყველაზე მეტი წევრი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, „რეფორმა“ 524 წევრმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიას 9 080 რეგისტრირებული წევრი დარჩა. მას შემდეგ, რაც წელს „რეფორმას“ 65 ადამიანი შეუერთდა, პარტიას 459 წევრით, ანუ დაახლოებით 5 პროცენტით შემცირება აქვს.
„რეფორმის“ პარტნიორმა, „ესტი 200“-მა, წელს 20 ახალი წევრი მიიზიდა, თუმცა 129 დაკარგა. ვინაიდან პარტიას ამჟამად მხოლოდ 648 წევრი ჰყავს, პროპორციულად დანაკარგი უფრო მაღალია, დაახლოებით 14 პროცენტი.
ესტონეთში მემარჯვენე პოლიტიკურმა პარტიებმა წელს ახალი წევრების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს. „ისამას“ და ესტონეთის კონსერვატიულ სახალხო პარტიას (EKRE) სხვა პარტიებთან შედარებით მეტი ადამიანი შეუერთდა. 2025 წელს EKRE-ს სულ 902 ადამიანი შეუერთდა და მონაცემებით პარტიას 9 256 წევრი ჰყავს, გასული წლის ამ დროს კი ეს რიცხვი 8 823-ს შეადგენდა. „ისამას“ პარტიის წევრთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 264-ით გაიზარდა და მათი რიცხვი 7266-ს აღწევს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, კაია კალასი პარტია „რეფორმის“ წევრია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცახკნა კი „ესტი 200“-ის.











