ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
ზოგიერთი დიპლომატი ირონიით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ემსგავსება „სამეფო კარის თამაშებს“ - ბრიუსელში სულ უფრო მწვავე და ღია ბრძოლა მიმდინარეობს დიპლომატიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. აქ არ არის სისხლისღვრა და „წითელი ქორწილები“, თუმცა ყველაფერი ძალაუფლების ბერკეტების ხელში ჩაგდების, გავლენისთვის ბრძოლისა და პოლიტიკური ნარატივის შექმნის გარშემო ტრიალებს, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „ომი ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის ევროკავშირის ისედაც მყიფე დიპლომატიას ძირს უთხრის“.
„ამ ომში, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის არსებული მეტოქეობა კიდევ უფრო გამწვავდა. ამ ბიუროკრატიული დავის მიღმა - სადაც დაგროვდა უთანხმოებები საკადრო საკითხების, პოლიტიკური პოზიციების გაჟღერებისა თუ დღის წესრიგის გამო - იმალება ბევრად უფრო ღრმა ინსტიტუციური ომი იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს ევროპის საგარეო პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე ტურბულენტურ და არასტაბილურ პერიოდში“, - აღნიშნულია სტატიაში.
„ეს უთანხმოებები და კულუარული თამაშები დათვის სამსახურს უწევს ევროკავშირის დიპლომატიას. ეს კარგ იმიჯს არ გვიქმნის“, - წუხს ევროკავშირის მაღალჩინოსანი. ბოლო დღეებში, კრიზისმა ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის კულუარებიდან წამყვანი მედიასაშუალებების მთავარ სათაურებში გადაინაცვლა.
გასულ კვირას, Financial Times-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც გერმანიისა და საფრანგეთის სავარაუდო გეგმებს ეხებოდა ევროპის საგარეო პოლიტიკის ძალაუფლების არქიტექტურის დემონტაჟთან დაკავშირებით, ევროკავშირის დედაქალაქში კალასზე პირდაპირ თავდასხმად აღიქვეს. უფრო ზუსტად კი, როგორც სიგნალი იმისა, რომ ფონ დერ ლაიენი ცდილობდა კონტროლი საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურზეც დაემყარებინა.
გერმანელმა კონსერვატორმა თავისი აპარატი ვერტიკალური პრინციპით ააგო. კრიტიკოსების თქმით, მან კომისიის შიგნით ძალაუფლების პარალელური სტრუქტურების შექმნა დაიწყო - დაწყებული ახალი გენერალური დირექტორატით, რომელიც პროგნოზირებასა და სტრატეგიაზე მუშაობს, დამთავრებული სადაზვერვო ჯგუფით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ასეთი სტრუქტურა უკვე აქვს. თუმცა, ეს უკანასკნელი საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს, ანუ უშუალოდ კალასის დაქვემდებარებულ სტრუქტურას ეკუთვნის.
წევრ ქვეყნებში არსებულ უკმაყოფილებას დიპლომატიური წყაროებიც ადასტურებენ. ზოგიერთი მათგანი ფონ დერ ლაიენის „დაუოკებელ მადას“ უჩივის, რომელსაც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული გარკვეული ინიციატივები უკვე საყვედურად წამოუყენეს.
სხვებმა ღიად გამოხატეს იმედგაცრუება კალასის მუშაობის სტილის გამო. ბევრი უკმაყოფილოა მისი საქმიანობით. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ესტონელი პოლიტიკოსი რუსეთის საკითხზე ზედმეტად ჩაციკლულია - ეს საყვედური სხვა ინსტიტუტებიდანაც ისმის, განსაკუთრებით კი ევროკომისიიდან.