ესპანეთში დააკავეს ჯგუფი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდა

დაკავება

ესპანეთის პოლიციამ დააკავა დაჯგუფების წევრები, რომლებიც 3 არალეგალურ ქარხანას ფლობდნენ და მათში უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, სპეცოპერაცია ესპანეთის 3 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 27 ადამიანი დააკავეს.

ქარხნებს შეეძლოთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი სიგარეტის კოლოფის დამზადება, რომლებიც ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ კონტრაბანდის გზით იყიდებოდა.

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ქარხნებთან არსებულ თავშესაფრებში ცხოვრობდნენ. ისინი უამრავი საათის განმავლობაში მუშაობდნენ და ტერიტორიას არ ტოვებდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არალეგალურად იყო შესული.

სამართალდამცველებმა ქარხნებისა და 20-ზე მეტი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, 41 მილიონი დოლარის ღირებულების თამბაქო, ძვირად ღირებული მანქანები, სამკაულები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.