ესპანეთის მთავრობამ ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი წარადგინა

ესპანეთის მთავრობა

ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივამ უნდა ჩაანაცვლოს 1984 წლის კანონმდებლობა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ის ვრცელდება ინტერნეტმომხმარებლებზე, რომლებსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს ერთ პლატფორმაზე ან ერთობლივად 200 ათასზე მეტი გამომწერი რამდენიმე პლატფორმაზე. კანონპროექტი მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს. მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ მცდარი ინფორმაციის შესწორება.

ამასთან, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვა აღარ იქნება საჭირო ონლაინ მედიასაშუალების ხელმძღვანელთან, რადგან მისი ვინაობის დადგენა ხშირად გართულებულია.

„ჩვენ უფრო მეტად ვურთულებთ ცხოვრებას მათ, ვინც საკუთარ მუშაობას ყოველდღიურად უძღვნის ტყუილს და ყალბი ამბების გავრცელებას, შესაბამისად, ეს არის კარგი ამბავი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ესპანეთის იუსტიციის მინისტრმა, ფელიქს ბოლანიოსმა.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ესპანეთის მთავრობის „დემოკრატიული განახლების“ გეგმის ნაწილია, რომლის დაწყება ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში მას შემდეგ, გამოაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ცოლის წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებების გამო გამოძიება დაიწყო.

ულტრამემარჯვენე ჯგუფმა, რომელმაც სასამართლოში სარჩელი წარადგინა, მოგვიანებით აღიარა, რომ ბრალდება მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ცნობებს ეფუძნებოდა. ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც მას პარლამენტს წარუდგენენ.