ძაღლის ცემისთვის ლუბოვ უსპენსკაიას მინიმუმ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ლუბროვ უსპენსკაია

რუსი მომღერალი, ლუბოვ უსპენსკაია სკანდალში გაეხვა. მას ძაღლის ცემისთვის მინიმუმ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც უცხოური მედია წერს, მომღერალი მეზობლის, დიზაინერ იულია რაისკაიას ძაღლს თავს დაესხა. ძაღლის პატრონმა მიმართა ადვოკატს, რათა სასამართლოს გზით დაესაჯა მომღერალი ცხოველების მიმართ სისასტიკისთვის.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ მუხლი, რომლის მიხედვითაც უსპენსკაიას გაასამართლებენ, სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩემს კლიენტებს სურთ, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით იყოს. კანონის მიხედვით კი მას 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობილმა ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია", - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც მედია წერს, უსპენსკაიას სავარაუდოდ, ეგონა, რომ ფრანგული ბულდოგის ლეკვს მისი ძაღლის, იორკშირ ტერიერის დაკბენა უნდოდა. მომღერალი ბულდოგს დაედევნა, სხვის ეზოში შევარდა და ძაღლს ცემა დაუწყო. დაშავებულ ცხოველს ცემის შემდეგ ოპერაციაც დასჭირდა.

მედიაში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელიც მას შემდეგ გადაიღეს, რაც უსპენსკაიამ ძაღლი სცემა.