რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ვითარებაა, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა კი აცნობიერებს, რომ რუსეთის პოლიტიკა რეგიონის ანექსიისკენაა მიმართული.
ამის შესახებ გამახარიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.
"მე ცალსახად დადებითად მინდა კითხვას ვუპასუხო, მაქვს ამის საფუძველი. ძალიან სერიოზული პრობლემები არსებობს. ჩვენ გვიხდება ძალიან ხშირად შეხვედრა აფხაზებთან, რომლებიც ჩამოდიან თბილისში, სხვათა შორის, უმაღლეს საბჭოშიც მოდიან, ძალიან ბევრი მოდის. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საუბარს იწყებენ და ამთავრებენ იმით, რომ იღუპებიან. ძალიან მძიმე და ძალიან რთული ვითარება არის აფხაზეთში.
იმისათვის, რომ საერთოდ აფხაზეთზე ვილაპარაკოთ, პოლიტიკაზე აფხაზეთის მიმართ, ძალიან კარგად უნდა იცნობდე ჯერ იქ არსებულ რეალურ ვითარებას. რეალური ვითარება არის ძალიან მძიმე და ეს რაში გამოიხატება - აფხაზების ძალიან დიდი უმრავლესობა, ალბათ 70-80% აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ არავითარი დამოუკიდებლები ისინი არ არიან და ვერასოდეს ვერ იქნებიან დამოუკიდებლები. ჩვენ ყოველდღე ვიღებთ ინფორმაციას, ხშირად ვხვდებით იქ ადამიანებს და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ამ დასკვნას. დღეში, დილიდან საღამომდე სულ მოგვდის ეს ინფორმაცია და ხშირად, აფხაზეთში იქ მიმდინარე რაღაც პროცესებზე ჩვენ უფრო ადრე ვიგებთ ზოგჯერ, ვიდრე თვითონ იგებენ იქ რა ხდება.
პოლიტიკა, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო ახორციელებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აშკარად მიმართულია ამ ტერიტორიის ანექსიისკენ და არა მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ. ეს იცის დიდმა და პატარამ აფხაზეთში. მათ ეს არ უნდათ, განსხვავებით მეორე ჩვენი ოკუპირებული რეგიონისაგან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთთან შეერთება ეს არის 100-პროცენტიანი დაღუპვა", - აცხადებს ჯემალ გამახარია.