დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმების განკარგულებას, რომელთა შორის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების ზედამხედველი სააგენტოცაა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორისაა სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

აღნიშნული სააგენტოების ხელმძღვანელებს დაევალათ, გააუქმონ ყველა ფუნქცია, რომელიც არ არის კანონმდებლობით დადგენილი. ტრამპის განკარგულება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც „ამერიკის ხმის“ გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-ს და Radio Free Asia-ს. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ.

რაც შეეხება სხვა სააგენტოებს, რომელთაც ასევე ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ეხება, ესენია: ფედერალური მედიაციისა და მორიგების სამსახური, ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრი; მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მომსახურების ინსტიტუტი; უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე აშშ-ის უწყებათაშორისი საბჭო; უმცირესობათა ბიზნესის განვითარების სააგენტო.