"სწრაფად ცვალებად მსოფლიოში გლობალური სტაბილურობა უახლოეს თვეებში ან წლებშიც კი ვერ იქნება მიღწეული - მნიშვნელოვანია რეგიონის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან" - ილჰამ ალიევი

ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სწრაფად ცვალებად მსოფლიოში გლობალური სტაბილურობა უახლოეს თვეებში ან წლებშიც კი ვერ იქნება მიღწეული. ილჰამ ალიევმა, "ევრონიუსთან" ინტერვიუში, განაცხადა, რომ მსოფლიო შევიდა "ახალი წესებისა და ნორმების შემუშავების ფაზაში".

"მაშინაც კი, თუ [უკრაინის] ომი შეწყდება, არ არსებობს გარანტია, რომ ის კვლავ არ განახლდება. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც თითქმის 30 წლის განმავლობაში მოქმედებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც მიღწეული იყო 1994 წლის გაზაფხულზე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ომი დასრულდა. ის უბრალოდ ტრანსფორმირდა. ომი მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც გაქვთ სამშვიდობო შეთანხმება", – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს "მნიშვნელოვანია რეგიონის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან".

"ახლა ჩვენ გვაქვს შედარებით მშვიდი პერიოდი, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ ამაზე, რათა შევქმნათ უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც იქნება ყოვლისმომცველი, აღმოვფხვრათ ახალი სამხედრო კონფრონტაციის ნებისმიერი საფრთხე და ვეცადოთ ვიცხოვროთ მეზობლურად, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს", – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.