დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პროკურატურას დაავალა, სისხლის სამართლის მუხლით გამოიძიონ ნებისმიერი მაღალჩინოსნის ან ადგილობრივი ორგანოს ქმედება, რომელიც არალეგალი მიგრანტების დაკავების შესახებ განკარგულებას არ დაემორჩილება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პროკურატურას დაავალა, რომ სისხლის სამართლის მუხლით გამოიძიონ ნებისმიერი მაღალჩინოსნის ან ადგილობრივი ორგანოს ქმედება, რომელიც არ დაემორჩილება ტრამპის განკარგულებას არალეგალი მიგრანტების დაკავების შესახებ.

„ფედერალური კანონი კრძალავს სახელმწიფო და ადგილობრივი მოქმედი პირების მიერ წინააღმდეგობის გაწევას, ხელის შეშლას ან შეუსრულებლობას იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონიერი ბრძანებებისა და მოთხოვნების მიმართ“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ წერილში, რომლის ავტორიც აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ემილი ბოუვი.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ტრამპის მიერ მიგრანტებზე ხელმოწერილი აქტი, ავალდებულებს შიდა უსაფრთხოების, იუსტიციის და სახელმწიფო დეპარტამენტს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაუყოვნებლივ გააძევონ ყველა არალეგალი მიგრანტი სამხრეთის საზღვარზე.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსსპიკერი კეროლაინ ლივიტი ადასტურებს ინფორმაციას ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 1 500 სამხედროს გაგზავნის თაობაზე.

„ამერიკელი ხალხი ელოდებოდა მსგავს დროს, როდესაც თავდაცვის დეპარტამენტი სერიოზულად მოეკიდებოდა სამშობლოს უსაფრთხოების დაცვას. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ამერიკელი ხალხისთვის და პრეზიდენტი უკვე აკეთებს ამას“, – განაცხადა ლივიტმა.