არ დაუშვათ ეს შეცდომა... - მამოლოგის გაფრთხილება ზაფხულის სეზონისთვის
1783874452
ჩვენ ისინი საშინლად დავბომბეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ თეირანმა შეთანხმება „ერთ საათში“ დაარღვია, როდესაც გემის მიმართულებით დრონი გაუშვეს, შესაბამისად კი ვაშინგტონმა თეირანზე მორიგი იერიში განახორციელა.
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე გაიმეორა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის გზავნილი, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული მიმოსვლისთვის ღიაა.
ცნობისთვის, გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შტატებმა ირანზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე კვლავ დახურა. აშშ-მა საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განახორციელა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.