დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად იყენებდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტეხასელი კონგრესმენი ჰენრი კუელარი და მისი მეუღლე იმელდა შეიწყალა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის დროს მართლმსაჯულების სისტემას თავისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად იყენებდა.

„წლების განმავლობაში, ბაიდენის ადმინისტრაცია მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებდა თავისი პოლიტიკური ოპონენტებისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმებოდა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, როდესაც „თაღლითმა ჯომ“ გამოიყენა FBI და იუსტიციის დეპარტამენტი საკუთარი პარტიის წევრის „გასანადგურებლად“ მას შემდეგ, რაც უაღრესად პატივცემულმა კონგრესმენმა, ჰენრი კუელარმა გაბედულად ისაუბრა ღია საზღვრებისა და ბაიდენის სასაზღვრო კატასტროფის წინააღმდეგ.

„მძინარე ჯომ“ კონგრესმენი და კონგრესმენის მშვენიერი მეუღლე იმელდაც კი, უბრალოდ სიმართლის თქმის გამო დასაჯა. ეს არაამერიკულია და, როგორც ადრე ვთქვი, რადიკალური მემარცხენე დემოკრატები სრულ საფრთხეს წარმოადგენენ დემოკრატიისთვის. ისინი თავს დაესხმებიან, გაძარცვავენ, მოიტყუებიან და გაანადგურებენ ყველას, ვინც გაბედავს მათი უკიდურესი მემარცხენე დღის წესრიგის წინააღმდეგ წასვლას. დღის წესრიგი, რომელიც, თუ უკონტროლოდ დარჩება, ჩვენს ბრწყინვალე ქვეყანას გაანადგურებს.

ამ და სხვა ფაქტების გამო, მე ამით ვაცხადებ ძვირფასი ტეხასელი კონგრესმენის, ჰენრი კუელარისა და იმელდას სრულ და უპირობო შეწყალებას. ჰენრი, არ გიცნობ, მაგრამ შეგიძლია, მშვიდად დაიძინო დღეს ღამით – შენი კოშმარი საბოლოოდ დასრულდა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.