ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 2025 წლის 5 დეკემბრის სუპერმთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს
1764782782
2026-2027 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს, 2 დეკემბერს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, 2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება.
„ცვლილება იქნება 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. 2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
როგორც გივი მიქანაძემ საკითხზე საუბრისას მოგვიანებით განმარტა, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით სკოლებში რეგისტრაცია საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე გამოცხადდება, დეტალური განრიგის შესახებ კი საზოგადოება ინფორმაციას 2026 წლის მარტში მიიღებს:
„არაერთი შემთხვევაა, რომ მაგალითად, ოჯახს სკოლა აქვს, დაახლოებით, 400-500 მეტრის რადიუსში, მაგრამ ამ სკოლაში ბავშვის რეგისტრაციის პრობლემაა, სისტემა გამართულად მუშაობს და მიუხედავად ამისა, საყოველთაო რეგისტრაციის პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა რაიონის, უბნის მცხოვრებლები, სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარეც შეიძლება, მოხდეს ისე, რომ სიტყვაზე, საბურთალოზე, კონკრეტულ სკოლაში გლდანში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაარეგისტრიროს ბავშვი, საბურთალოზე, იქვე, ამ სკოლასთან მცხოვრებმა ოჯახმა კი ვერ დაარეგისტრიროს საკუთარი შვილი. რა თქმა უნდა, ეს იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას და ბრაზსაც, რაც აბსოლუტურად გასაგებია. ასევე არის არათუ იშვიათი შემთხვევები, როცა მცხეთიდან, კასპიდან, რუსთავიდან, თბილისში დაჰყავთ კონკრეტულ სკოლებში ბავშვები და ეს მოცემულობა არაადეკვატურია იმ მიმდინარე პროცესებისგან, სადაც ვცხოვრობთ. ეს, გარკვეულწილად, დილის მოცემულობაში ავტოტრანსპორტის შეფერხებასაც ქმნის. ამ რეფორმის განხორციელებით ჩვენი მიზანია, ყველა სკოლა იყოს პრესტიჟული, ყველა სკოლაში დაინერგოს ერთიანი სტანდარტი და განსხვავებითობის რაღაც კომპონენტი არ არსებობდეს, ყველა სკოლა ერთიან უმაღლეს სტანდარტს უნდა პასუხობდეს“.
ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება
ამ კონტექსტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მაგალითისთვის, დიდ დიღომში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ავიღოთ დიდი დიღმის მოცემულობა, სადაც ჩვენ განაშენიანებაში და ასე ვთქვათ, დასახლებაში, რომელიც მზარდია, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ სამი საჯარო სკოლა და რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაა. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ დიდ დიღომში მცხოვრებლებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაარეგისტრირონ საკუთარი შვილები იმ სამ სკოლაში, მაგრამ თუკი მათ ადგილი არ ეყოფათ, სწორედ ამიტომ, სანამ ინფრასტრუქტურის საკითხი ბოლომდე არ გადაწყდება, ჩვენ გვაქვს საყოველთაობის პრინციპი, რაც მშობელს მისცემს საშუალებას, რომ თბილისის მასშტაბით შემდგომ ეტაპზე ნებისმიერ სხვა სკოლაში დაარეგისტრიროს და მიიყვანოს ბავშვი. ეს კომპონენტი, უბრალოდ, უფრო მეტად აწესრიგებს კონკრეტულ უბანში, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ ქალაქში მოსწავლეების რეგისტრაციას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით, სკოლის ასაკი 6 წლით განისაზღვრება, რაც გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა.