„დემოკრატები“ ამზადებენ გეგმას, თუ ტრამპი არჩევნებში საკუთარ გამარჯვებას წინასწარ გამოაცხადებს - Reuters

დონალდ ტრამპი

„დემოკრატიული“ პარტიის წევრები მუშაობენ გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვებულად საკუთარ თავს ხმების დათვლის დასრულებამდე გამოაცხადებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„დემოკრატიული“ პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, არსებობს იმის ვარაუდი, რომ ტრამპმა საკუთარი თავი გამარჯვებულად ხმების დათვლის დასრულებამდე გამოაცხადოს.

„როგორც კი ის [ტრამპი] თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, ჩვენ მზად ვართ გამოვიდეთ ტელევიზიით და სრული სიმართლე ვთქვათ, აგრეთვე შეგვიძლია ჩავრთოთ ადამიანების ფართო წრე, რომლებსაც საკუთარი გავლენის გამოყენება შეუძლიათ“, - ციტირებს სააგენტო „დემოკრატიული“ პარტიის ერთ-ერთ ანონიმურ წარმომადგენელს.

„დემოკრატიულ“ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათ შეუძლიათ სოციალური ქსელებისა და მედიის მეშვეობით გამოაცხადონ, რომ არჩევნების შემდეგ ხმების დათვლამდე გამარჯვების შესახებ განცხადებების გაკეთება არ შეიძლება.თავის მხრივ, ტრამპის საარჩევნო შტაბში არ ამბობენ, აპირებენ თუ არა საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას წინასწარ.