დაზვერვის ცნობით, რუსები ენერგეტიკულ სექტორზე შემდგომი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებიან - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებიან.

მისივე თქმით, საჰაერო იერიშებისგან თავის დასაცავად  უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ადეკვატური მხარდაჭერა.

„დაზვერვის ცნობით, რუსები ენერგეტიკულ სექტორზე შემდგომი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებიან. საჰაერო თავდაცვა სათანადოდ უნდა იყოს მზადყოფნაში. რუსული თავდასხმები მუდმივად „ვითარდება“. ბოროტებაც ვითარდება. სამწუხაროდ, ეს არის კომბინირებული თავდასხმები, რომლებიც პარტნიორებისგან განსაკუთრებულ დაცვას და შესაბამის მხარდაჭერას მოითხოვს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერი, რაც მიუნხენში ჩვენს პარტნიორებთან განვიხილეთ, დროულად განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები არ გაჩუმდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ჟენევაში გამართული სამმხრივი შეხვედრა შედეგს გამოიღებს.

„ჩვენი დელეგაცია უკვე ჟენევაშია და მოლაპარაკებებისთვის ემზადება. რუსეთი ვერ უძლებს ზამთრის სიცივის ბოლო დღეების ცდუნებას და სურს, უკრაინელებს მტკივნეული დარტყმა მიაყენოს. რაც უფრო დიდი იქნება ეს ბოროტება რუსეთის მხრიდან, მით უფრო რთული იქნება ყველასთვის მათთან შეთანხმების მიღწევა. ჩვენმა პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.