დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები ესპანეთიდან

ესპანეთი სტიქია

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტიქიამ ყველაზე მეტად ვალენსია დააზარალა, სწორედ ამ რეგიონიდან არის დაღუპულთა უმეტესობაც. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები, წალეკა ხეები და მანქანები. დატბორილია ათობით მუნიციპალიტეტი.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ერთი წლის ნორმა ნალექი მხოლოდ 8 საათში მოვიდა. ეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ესპანეთში ყველაზე კატასტროფული წყალდიდობაა.

საგანგებო სამსახურები დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.