1791274912
სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, მეცხრე მოწვევის მეორე სესიის სხდომაზე დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.
დაპირისპირება „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატის, ედგარ ღაზარიანის გამოსვლისას დაიწყო. ღაზარიანმა პარლამენტის თავმჯდომარის, რუბენ რუბინიანის საქმიანობა გააკრიტიკა და თქვა, რომ დღის წესრიგში ახალი სპიკერის არჩევის საკითხის არშეტანა პარლამენტის ნორმალურ მუშაობას საფრთხეს უქმნის.
ამასთან, ღაზარიანმა სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ მიიჩნია და დეპუტატების პრემიების საკითხიც წამოჭრა.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მას გამოსვლა ორჯერ შეაწყვეტინა, მიკროფონი გამოურთო და თქვა, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგს არ შეეხება.
ამის შემდეგ დარბაზში „ძლიერი სომხეთისა“ და „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ფრაქციების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რომელიც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვითარების განმუხტვისთვის დარბაზში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ, სპიკერმა კი შესვენება გამოაცხადა.










