1741932481
ჩინეთში 2024 წლის ქორწინების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მეხუთედით შემცირდა

ჩინეთის სამოქალაქო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ჩინეთში ქორწინებების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მეხუთედით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნაა, მიუხედავად ხელისუფლების მრავალმხრივი მცდელობისა, წაახალისოს ახალგაზრდა წყვილები დაქორწინებისა და შვილების ყოლისკენ, რათა შეანელოს ქვეყნის მოსახლეობის კლება.
2023 წელს ჩინეთში 7.68 მილიონი წყვილი დაქორწინდა, ხოლო 2024 წელს ეს რიცხვი 6.1 მილიონი იყო.
ჩინეთში ქორწინებისა და ოჯახის შექმნის მიმართ ინტერესის კლებას დიდი ხანია უკავშირებენ ბავშვის აღზრდასა და განათლების მაღალ ხარჯებთან. ამას გარდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის შენელებამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის სამსახურის პოვნა გაართულა, ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვთ სამსახური, გრძელვადიანი პერიოდის მიმართ არასტაბილურობის განცდები აქვთ.
„უპრეცედენტოა! 2020 წელს, როცა Covid-19-ის გამო ქორწინებები შემცირდა, ვარდნა მხოლოდ 12.2% იყო. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩინეთის მთავრობის პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციები მის დემოგრაფიულ აქილევსის ქუსლს შეეწირება“ - განაცხადა Reuters-სთან საუბრისას ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის დემოგრაფმა ი ფუსიანმა.
გასულ წელს ხელისუფლებამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ჩინეთის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს მოუწოდა, რომ სტუდენტებისთვის „სიყვარულის განათლება“ მიეწოდებინათ, რათა ქორწინების, სიყვარულის, ბავშვის ყოლისა და ოჯახის შექმნის პოზიტიური მნიშვნელობა გაეზარდათ.
2024 წლის ნოემბერში ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ, ადგილობრივ ხელისუფლებებს რესურსების მიმართვა ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის გადაჭრისკენ დაავალა და შვილების ყოლისა და „შესაფერის ასაკში“ ქორწინების პატივისცემის კულტურის გავრცელებისკენ მოუწოდა.