1794553553
ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, ევროკავშირის სანქციების ახალი სიიდან ოთხი რუსული კომპანია ამოიღეს
ევროკავშირის წევრი სამი ქვეყნის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის მოთხოვნით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან ოთხი კომპანია ამოიღეს. ინფორმაციას საგამოძიებო პროექტი „სისტემა“ ბრიუსელში ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა სანქციების ახალი სია 11 ნოემბერს შეათანხმეს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში თავდაპირველი ჩამონათვალი შეიცვალა.
ბულგარეთის მოთხოვნით, სანქციების სიიდან ამოიღეს ორი რუსული ბანკი – „პირველი საინვესტიციო ბანკი“ და „საინვესტიციო კოოპერატიული ბანკი“. ორივე მათგანი ბულგარულ ბიზნესთან არის დაკავშირებული.
საგამოძიებო პროექტის მიხედვით, საფრანგეთის წარმომადგენლებმა სანქციების სიიდან ბანკ „რესო კრედიტის“ ამოღება მოითხოვეს. ბანკის მფლობელია რუსული სადაზღვევო კომპანია „რესო-გარანტია“, რომლის აქციების 38,61 პროცენტს ფრანგული სადაზღვევო ჯგუფი AXA ფლობს.
უნგრეთის მოთხოვნით კი სიიდან ამოიღეს ნავთობკომპანია „ტანეკო“, რომელიც რუსული „ტატნეფტის“ შვილობილი საწარმოა. 2021 წელს „ტანეკომ“ უნგრულ MOL-თან ერთად თათრეთში ბიტუმის წარმოების ერთობლივი პროექტი წამოიწყო. MOL პროექტის 51 პროცენტს ფლობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროექტი შეჩერდა, თუმცა უნგრულმა კომპანიამ მასში წილი შეინარჩუნა.
მედიის ცნობით, ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის დელეგაციებს ჟურნალისტების შეკითხვებზე არ უპასუხიათ. შესაბამისად, კომპანიების სიიდან ამოღების ოფიციალური მიზეზები უცნობია.
სანქციების ახალი ჩამონათვალის საბოლოო დამტკიცება 16 ნოემბერს იგეგმება. სია 113 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, მათ შორის 50 ბანკს, ენერგეტიკულ კომპანიებსა და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებულ სტრუქტურებს.












