1753474429
ბრიტანეთში გარდაცვლილს საკუთარი საფლავის მოწესრიგება მოსთხოვეს

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ქალაქ სანდერლენდის საბჭომ 8 თვის წინ გარდაცვლილ სიუზან უილსონს გამაფრთხილებელი წერილი მისწერა. წერილში გარდაცვლილს საკუთარი საფლავის დასუფთავებას სთხოვდნენ. გარდაცვლილი ქალის შვილის თქმით, საბჭოს მხრიდან ეს საშინელი საქციელი იყო და დარწმუნდა, რომ ოჯახის ტრაგედიას არ თანაუგრძნობენ.
სანდერლენდის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ წერილის გაგზავნა „ადმინისტრაციული შეცდომა" იყო. საბჭომ ასევე განმარტა, რომ სიუზანის საფლავზე განთავსებული ნივთებიდან ზოგიერთი უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება და მათ მხოლოდ „უსაფრთხო გარემოს" შექმნა სურდათ. ოჯახის თქმით კი, საფლავზე პატარა ქანდაკებაა განთავსებული, რომელსაც „ბებია" აწერია და ასევე, რამდენიმე მცენარე, რომლებსაც თავად უვლიან.
ოჯახის თქმით, ვერ შეძლეს საბჭოს მიერ მოთხოვნილი საფლავის ქვა შეეძინათ, რომელიც დაახლოებით 2500 დოლარი ღირს. სასაფლაოდან ქანდაკების აღების შემთხვევაში კი, სიუზანის საფლავი უსახელოდ დარჩება.
სანდერლენდის სასაფლაოზე რეგულაციები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც სასაფლაოებიდან უნდა აიღონ ყველა უნებართვო ნივთი, მათ შორის, ღობე და ყვავილის დასადგამი სპეციალური ვაზები.